ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

No comments:
Post a Comment